საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ ოფისთან აქციას მართავდნენ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია შეხვდა.
მურად აბლოთიას თქმით, ამ ეტაპზე 240-მა ოჯახმა მიიღო ბინა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ნგრევად ობიექტებში და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობდნენ. ასეთი 101 ოჯახია. ასევე, ბინები გადასცეს 139 ოჯახს ქულების მიხედვით. მისივე თქმით, სულ 6 000-მდე განცხადება იყო შესული.
„სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა უკმაყოფილო ოჯახს. მომავალ წელს კი კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ბინას“, – აცხადებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს რეგიონულ ოფისთან მიმდინარე აქციაზე დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.