საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ყოფილი სამხედრო მფრინავი და უკრაინის რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის პრეზიდენტს უკრაინელი პოლიტპატიმრების შეწყალებას სთხოვს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკომ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომლის ასლი მან საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
სავჩენკომ პუტინს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფი 66 უკრაინელის პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.
„რუსეთში პატიმრობაში მყოფი ჩემი თანამემამულეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დრო გადის – საათები და დღეები, მათი მდგომარეობა კი უარესდება. მათზე დარდმა მაიძულა პირადად თქვენთვის მომემართა“, – წერს ნადეჟდა სავჩენკო.
წერილს თან ერთვის იმ უკრაინელების სია, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში იმყოფებიან. მათგან რამდენიმეს შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
1tv.ge