საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „რადიო თავისუფლებას“ დაუდასტურეს, რომ გამოძიებაა დაწყებული პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე. 31 მაისს პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ უსამართლობის განცდის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი რამდენიმე პირთან ერთად, თუმცა, გადაიფიქრა, რადგან არ სურდა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ.
სუს-ის განმარტებით, ნებისმიერი პირის მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც ლაპარაკია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.