საზოგადოება
ჭიათურაში პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდებმა პირი ამოიკერეს

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ჭიათურის პოლიციის შენობასთან შიმშილობის აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირი ამოიკერეს. მეათე დღეა, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში შიმშილობს ჭიათურის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის გადადგომის მოთხოვნით. მოშიმშილეები მოითხოვენ ასევე, 26 მაისს დაკავებულ მათ მეგობარს თემურ გოშაძეს წაყენებული ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს. ახალგაზრდები პოლიციის ხელმძღვანელებს პროვოკაციების მოწყობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
მოშიმშილეების მეგობარი გიორგი ტყეშელაშვილი ამბობს, რომ 26 მაისს მათი მეგობრები პოლიციამ უკანონოდ დააკავა. გიორგი ტყეშელაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხია შეყილაძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, შეიარაღებულები მივიდნენ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფ ახალგაზრდებთან და პროვოკაცია მოაწყვეს. ჭიათურაში 26 მაისს დაკავებული ცხრა ახალგაზრდა მამაკაციდან რვას ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა, ხოლო ერთს ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და სწორედ ამ საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ მოშიმშილეები და მათი მეგობრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურაში დაკავებული ერთ-ერთი პირის ახლობელთა განცხადებებსა და მოშიმშილეთა მოთხოვნებს წერილობით გამოეხმაურა. შსს-ს განცხადებით, 4 ივნისს ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს თემურ გოშაძის ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს გოშაძისა და მისი თანმხლები პირების დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და საქმეზე მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაც. სამინისტროსავე განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ამ ეტაპზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით თემურ გოშაძის ბრალეულობა დასტურდება. მის ბრალეულობაზე უკვე იმსჯელა სასამართლომაც და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ბრალდებულის მიმართ შეკრებილი მტკიცებულებების საკმარისობას წინასასამართლო სხდომასა და შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე შეაფასებს. ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება ჭიათურაში 9 პირის დაკავებას, სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევისთვის და სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 8 პირი, რომლებსაც სასამართლომ შეუფარდა 100-დან 300 ლარამდე ჯარიმა, თემურ გოშაძეს კი დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა, კერძოდ ის, რომ სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჭიათურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ გიგაურს.

ჭიათურის პოლიციის შენობასთან მოშიმშილეები და მათი მეგობრები შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას არ ეთანხმებიან. გიორგი ტყეშელაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მისი მეგობრები შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ და, მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, არ თანხმდებიან ექიმების მოთხოვნაზე, გადაყვანილნი იქნენ საავადმყოფოში. მისივე ცნობით, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებმა 12 ივნისს საპროცესო გარიგება შესთავაზეს თემურ გოშაძეს, რაზეც არ თანხმდებიან, რადგან მას უდანაშაულოდ მიიჩნევენ.