პოლიტიკა
ქვეყანაში კრიზისია და მსგავს შემთხვევაში მთავრობა უნდა გადადგეს - დავით ჭიჭინაძე

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე „იუნისეფის“ კვლევაზე ისაუბრეს, რაც რატომღაც ყველას სასაცილო ჰგონია, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სურათია ქვეყანაში შექმნილი.

თავს ვერცერთი მიმართულებით ვერ ვართმევთ იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ. ამას იმ კომისიას ვავალებთ, რომლის წევრები ქვეყანაში უსამართლობას ნერგავდნენ. ჩვენი გუნდისთვის ეკონომიკური გამოწვევები დაუძლეველი აღმოჩნდა, ელემენტარული კრიზისია და ასეთ შემთხვევაში მთავრობის გადაყენება უნდა მოვითხოვოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, ცვლილებები საჭიროა, რადგან როცა საზოგადოებაში უსამართლობის განცდა არსებობს, ამას განმუხტვა სჭირდება.

გუშინ უმრავლესობის სხდომაზე ეს პოზიცია არ დამიფიქსირებია, პოზიციებს მხოლოდ ვისმენდი და დღეს ვაფიქსირებ, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს სარდაფებსა და დახურულ სივრცეებში. მთავრობაში ყველა უნდა გადადგეს. „იუნისეფისკვლევა დამაფიქრებელია და რატომღაც ჩვენი ოპონენტები კვლევას დასცინიან, რომ თურმე, კვლევაზე ვსაუბრობდით, მაგრამ სინამდვილეში კვლევაზე უნდა იყოს საუბარი და არა პიროვნული ურთიერთობის გარკვევაზე. ქვეყანა ვალებში იხრჩობა, მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჭარბვალიანობა შეამციროს. ბანკები ხალხს ახრჩობენ. არ შეიძლება, ბანკები მილიარდებს შოულობდნენ და ხალხი ღარიბდებოდეს. სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ ამ გამოწვევის დაძლევა ვერ შეძლო. უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს განცხადებები არ გაუკეთებია, კვლევას ისევე ისმენდა, როგორც ჩვენ, ყველა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გაერო- ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებულიმოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.