საზოგადოება
თბილისი და საქართველოს სამი რეგიონი - კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი - კოკისპირული წვიმისგან ძლიერ დაზარალდა, ზარალს ითვლიან (ვიდეო)

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე 153 შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყველაზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, სადაც ნიაღვარმა მეტრო „ახმეტელის თეატრის" შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დატბორა (ვიდეო იხ. აქ).

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე. მეხანძრე-მაშველები ტერიტორიაზე ჩარჩენილი ავტომობილების უსაფრთხო გაყვანას ცდილობდნენ.

დაიტბორა სავაჭრო ობიექტებიც. რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილებზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა თბილისის მერი კახ კალაძე.

„კოკისპირულმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი ნორმალურადაა. ჩვენ უნივერსიტეტის ქუჩაზე ვიმყოფებოდით, სადაც სერიოზული დატბორვა მოხდა, დაზიანდა და, ფაქტობრივად, წყლით დაიტბორა ავტომობილები. ჩვენ მათი გამოყვანა შევძელით, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. სერიოზული პრობლემები შეიქმნა ასევე გლდანში, მეტრო „ახმეტელთან". წყლის ამოტუმბვა განხორციელდა და ამ დროისთვის პრობლემა ყველგან აღმოფხვრილია",
— განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილის რაიონში რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, თუმცა ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხებები მოხსნილია.

ვაკეში, ამაშუკელის ქუჩაზე სავალი ნაწილი და ასევე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სანიაღვრე არხი წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაიხერგა, რამაც გამოიწვია დატბორვა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეთა ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო სამსახურები. მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხიც გაწმინდეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტურძელაძე.

მეტეხის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი". სახლში წლების განმავლობაში არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, შენობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის დროს დაზიანდა შენობის წინ მდგარი ავტომობილი, რომელიც უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ზარალს დაითვლიან და ტურისტს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებენ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები თბილისის სხვადასხვა უბანში შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში სრულად მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.