საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ავიაბაზებიდან RAFMildenhall (დიდი ბრიტანეთი), McConnellAFB (კანზასი, აშშ), BealeAirForceBase (კალიფორნია, აშშ) და აშშ-ის ნაციონალური გვარდიის ილინოისში მდებარე ბაზიდან აშშ-მა ლვოვში 4 თვითმფრინავი КС-135 Stratotanker გადაისროლა სტრატეგიული ბომბდამშენების გამართვისთვის. მათთან ერთად ჩამოფრინდა დაახლოებით 150 სამხედრო - ეკიპაჟის წევრები და პერსონალი. როგორც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსამსახური აღნიშნავს, მათი მიზანია „აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცება და ნატოს წევრებსა და ალიანსის პარტნიორებს შორის სამხედრო ურთიერთქმედების დონის ამაღლება“.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახლავთ და საეჭვოა, გახდეს ტერიტორიული მთლიანობის მოუგვარებელი პრობლემების (როგორც საქართველოში), ადამიანის, მათ შორის - ჟურნალისტთა უფლებების მასობრივი დარღვევის და ისეთი ბაზური ღირებულების შელახვის გამო, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. რაც, როგორც ვხედავთ, დაბრკოლება არ აღმოჩნდა აშშ-სთვის, რომელმაც „მოკავშირე ქვეყანაში“ თუნდაც მომცრო, მაგრამ სამხედრო ბაზა განათავსა თავისი, ანუ ამერიკული ინტერესების დასაცავად.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინას უსწრებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით (დემოკრატიული რეფორმები, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივი ცენტრი, აშშ-საქართველოს საბრძოლო მომზადების ერთობლივი ცენტრი), ასევე მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საქართველოში უკრაინის მსგავსად ამერიკული ავიაბაზის გახსნა სავსებით რეალური და მოსალოდნელია. რაც კიდევ უფრო გაამწვავებს მყიფე, ურთიერთსაყვედურების რეჟიმში მყოფ რუსულ-ქართულ ურთიერთობას.