პოლიტიკა
ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებაზე ილაპარაკა და ამ კონტექსტში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დაწყებას, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას, ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გაუსვა ხაზი.

მისი შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც საქართველოში მოხდა.

ეს ცვლილება მოიტანა, რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით, გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელ საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, ამისთვის, რა თქმა უნდა, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზე.