აქტუალური
თბილისში მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

Courtyarddსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ევროპისა და აზიის მარეგულირებელი კომისიების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

კონფერენცია თბილისში სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციის ორგანიზებით 14-15 თებერვალს იმართება. მასში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკოსები მონაწილეობენ.

დაგეგმილია შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციის წევრ ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებს, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების საკითხებს და იმსჯელებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე რეგიონული ასოციაციისათვის. აღსანიშნავია, რომ სემეკი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაცია დაარსების 10 წლის იუბილეს საქართველოში აღნიშნავს. ასოციაციის მიზანია წევრ ქვეყნებში ენერგეტიკის რეგულირების პროცესის გაუმჯობესება, სტაბილურობა, ენერგეტიკის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება.