პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი VS ივანიშვილი, ანუ რატომ დუმს ამერიკა

     საქართველოს ექსპრეზიდენტი მიშა სააკაშვილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინიდან ნიდერლანდებში სიმამრის ფერმაში გააძევეს, არ მალავს, რომ საქართველოში ახალ „ფერად რევოლუციას“ ამზადებს. მიზანი - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობა, საქართველოდან მისი დამფუძნებლისა და თავმჯდომარის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გაძევება და საქართველოში, ხელისუფლებაში დაბრუნება თავისი ექსმმართველი, ამჟამად კი მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში.

„ყველაფერი ან არაფერი“ - ან სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი გახდება და საქართველოს მოქალაქეობას დაიბრუნებს, ანდა დავიწყებას მიეცემა, როგორც პანიკოვსკი - „ადამიანი პასპორტის გარეშე“. ჩამოთვლილის გარდა, მიშას კიდევ რამდენიმე პერსპექტივა აქვს: ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით გისოსებს მიღმა აღმოჩენა, სამხედრო დანაშაულებისთვის ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე მოხვედრა, ანდა „გაურკვეველ გარემოებებში“ სიკვდილი, როგორც დაიღუპნენ პრემიერ-მინისტრი ჟვანია, მილიარდერი პატარკაციშვილი და სხვა, ნაკლებად მსხვილი ფიგურები, რომლებიც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ივანიშვილის, პატარკაციშვილის და ჟვანიასთვის სააკაშვილი არასდროს ყოფილა „დემოკრატიის შუქურა“: ჟვანიამ მცონარა მიშა ნიუ-იორკის საადვოკატო კანტორა „პატერსონ ბელკნაფში“ იპოვა და რიგითი კლერკი მისი პიარტალანტის გამო „ორთქლმავალ-რეფორმატორად“ აქცია, ხოლო პატარკაციშვილი და ივანიშვილი მის რეფორმებს სპონსორობას ორი მიზეზით უწევდნენ: 1 - ბევრი მათგანი, სააკაშვილისთვის სახელის მოხვეჭასთან ერთად, სახელმწიფოს მშენებლობისთვის მართლაც სასარგებლო იყო; 2 - იმიტომ, რომ მათ ხელს აძლევდა ხელისუფლების სათავეში მათზე დამოკიდებული კომპრომეტირებული და იმპულსური ახალგაზრდა მეტიჩარა, რომელიც განურჩევლად ყველა ქალს დასდევდა და ნარკოტიკებით ერთობოდა. რა თქმა უნდა, სანამ მიშა ყველა საზღვარს გადავიდოდა და თამაშის წესებს დაარღვევდა...

აქცია „სისტემა უნდა დაინგრეს!“, რომელიც ამ დღეებში პერმანენტულად მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ, ვითომდა - 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ჯგუფური ჩხუბის დროს მოკლული ორი მოსწავლიდან ერთ-ერთის მამისადმი სოლიდარობის ნიშნად, სააკაშვილის მხრიდან მოქმედი ხელისუფლების დამხობის რიგით მე-4 მცდელობაა.

სახელმწიფო გადატრიალების 1-ლი და მე-2 მცდელობა მის მიერ პარალელურად იყო ორგანიზებული ბათუმსა და თბილისში 2017 წლის 11 მარტს: მასობრივი არეულობა დარბევებითა და ცეცხლის წაკიდებით აჭარის დედაქალაქში - ვითომდა, პატრულის თანამშრომლის მიერ ტაქსის მძღოლისთვის უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმის გამო; მიტინგები თბილისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დასაცავად, რომლის დაბრუნება კანონიერი მფლობელისთვის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა და რომლის ანგარიშებიც გადასახადების გადაუხდელობის გამო დაყადაღდა (მაშინ ფეხმძიმე ქალის დაღუპვის ორგანიზება, როგორც სააკაშვილი გეგმავდა, არ გამოვიდა).

„ფერადი რევოლუციის“ მე-3 და მე-4 მცდელობებიც თითქმის ერთდროულად შედგა, უფრო სწორად - ერთმანეთის მიყოლებით: მიტინგი თბილისში 2018 წლის 12-13 მაისს, დედაქალაქის ღამის კლუბებში პოლიციის რეიდის წინააღმდეგ; 2018 წლის 31 მაისს დაწყებული ზემოხსენებული აქცია „სისტემა უნდა დაინგრეს!“ პროკურორების დაპატიმრების, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

სარგებლობა, რომელიც უკვე მოიტანა ამ უკანასკნელმა აქციამ, ეჭვგარეშეა, მან გამოაფხიზლა განცხრომას მიცემული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ბიძინა ივანიშვილის არამარადიულ რესურსზე მოპარაზიტე, რომლის წყალობითაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აუღებლობის და ყველა საბაბით წამდაუწუმ ივანიშვილთან სირბილის მანკიერმა პრაქტიკამ დღევანდელ მმართველებს ბოროტი ოინი უყო: სტაბილურობა მოჩვენებითი აღმოჩნდა და პრემიერს, იუსტიციის, შს და სასჯელაღსრულების (ყოფილ) მინისტრებს - კვირიკაშვილს, წულუკიანს, გახარიას და სუბარს, რომლებიც დღეს გამალებით ცდილობენ „ხვრელების დაგმანვას“ - ესმით, რომ ნებისმიერ წუთს, შესაძლოა, გადამდგარი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კვალს გაჰყვნენ. („ავრალმა“ ჯერჯერობით გვერდი აუარა „უცხოპლანეტელ“, ანუ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს - ჯანელიძესა და იზორიას, რომლებიც არხეინად ცხოვრობენ პარალელურ - ნატოს სამყაროში). არადა, პრემიერმა ივანიშვილმა ერთი წლის შემდეგ საგანგებოდ დატოვა პოსტი, რათა მთავრობის წევრებისთვის ინიციატივის და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მიეცა, თუმცა, მის მიერ პოლიტიკაში მოყვანილი „ახალი სახეები“ დასავლური დიპლომებით ჩვეულებრივი საბჭოთა ბიუროკრატები აღმოჩნდნენ, რომლებიც ამჯობინებენ, რისკი არ გაწიონ პრინციპით „ინიციატივა დასჯადია“...

ამბიციური ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მენტორული ტონით უკითხავდა საქართველოს მოქალაქეებს სასაცილო ნოტაციებს „ქართველი ხალხის ისტორიულ უალტერნატივო ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე“, დღეს „მიწაზე დაანარცხეს“ და აიძულეს, საკუთარ ტყავზე ეგრძნო, რომ სიცრუე, ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი მართლმსაჯულება აუცილებლად ცუდად მთავრდება! რა „ევროპულ ღირებულებებზე“ და „ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე“ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ზემოთ ჩამოთვლილი 4 მცდელობის არცერთი ორგანიზატორი არ დასჯილა, ხოლო 2013 წელს გამოცხადებული კოჰაბიტაცია სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ჩადენილ დანაშაულებზე უკანა რიცხვით გაცემული ინდულგენცია გახლდათ?!

შედეგად დამნაშავეები პარლამენტარები გახდნენ, რომლებითაც დღეს მოსწავლეების მკვლელობის გამოძიების სპეციალური დროებითი საპარლამენტო კომისია დააკომპლექტეს, არადა, თუკი ასეთი კომისიის შექმნა ღირდა კიდეც - მხოლოდ რეჟიმის პერიოდში მათი დანაშაულების გამოძიების მიზნით!

გამუდმებული დათმობის პრაქტიკა - აქაოდა, ჩვენ დემოკრატიულად მივანდეთ ოპონენტებს მოსწავლეთა საქმეში პროკურატურის დარღვევების გამოძიების უფლებაო - ხელისუფლებისთვის ისევე კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება, როგორც კოჰაბიტაცია. საქართველოს ხელისუფლება დღეს იძულებით ისმენს შეურაცხყოფას, ბოდიშებს იხდის და მზადაა, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე სუბიექტების პირველი მოთხოვნისთანავე გადადგეს! საქართველოს ხელისუფლება არაშორსმჭვრეტელურად უმალავს ქართველ საზოგადოებას სიმართლეს, რომ მოკლული მოზარდი ამცირებდა თანატოლებს, რაც, რაღა თქმა უნდა, მასზე ანგარიშსწორებას არ ამართლებს, მაგრამ ხსნის სასოწარკვეთილ მდგომარეობას მოსწავლეებისა, რომლებიც საეჭვოა, 14 წლის შემდეგ საზოგადოებას ფსიქიკურად სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ... საქართველოს ხელისუფლება არ გვეუბნება - რას საქმიანობდა მოკლულის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს შვილის სიკვდილით სპეკულირებს იმ პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლის წევრიცაა. მუშაობდა თუ უსაქმურობდა, როგორ ზრდიდა ვაჟიშვილს სარალიძე? და რატომ არის ისევ თავის კაბინეტში ქურდული მენტალიტეტის მატარებელი სკოლის დირექტორი?!

რატომ აძლევს ხელისუფლება ნებას აქციასთან მიკედლებულ მალხაზ მაჩალიკაშვილს - პანკისის ხეობის სოფელ დუისში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას მოკლული ყმაწვილის მამას - დაუსჯელად აკეთოს მუქარით სავსე განცხადებები, რომ რამადანის გასვლის შემდეგ ხელისუფლების დამხობის მიზნით თბილისში ტერაქტებს ამზადებს?! თუ ქისტი მაჩალიკაშვილი სიტყვას შეასრულებს და ტერაქტის შედეგად ადამიანები დაიღუპებიან, ციხეში ქართული სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელები წავლენ, რომლებიც დღეს თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობებს უგულებელყოფენ! მადლობა ღმერთს, რომ სანდო წყაროს ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი, რომელიც არაშორსმჭვრეტელმა ხელისუფლებამ ლამის შამილად გადააქცია, პანკისის ხეობაში არანაირი გავლენით არ სარგებლობს - აი, 6 თვის განმავლობაში რატომ ვერ შეძლო, შეესრულებინა მრავალგზისი დაპირება „მთელი პანკისის ხეობის ფეხზე დაყენების“ შესახებ! აი, რატომ არის ის მარტო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე - მის მხარდასაჭერად პანკისის არცერთი მკვიდრი არ ჩამოვიდა. რატომ დუმს ხელისუფლება იმაზე, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ახმედ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან სუს-მა გამოქვეყნებული ვიდეოკადრებით დაამტკიცა და გამოძიება ჯერ არ დასრულებულა?

ყველაზე მნიშვნელოვანი კი - აშშ-ის რეაქცია, უფრო სწორად, სრული ურეაქციობაა! დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის 27 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ის საელჩო, რომელიც, როგორც წესი, ნებისმიერი საბაბით აცხადებს „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ... ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას... მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას...“ და ასე შემდეგ, დუმს და აქციაზე ერთი სიტყვითაც კი არ რეაგირებს! დუმს თეთრი სახლის პრესმდივანიც, სახელმწიფო დეპარტამენტიც, ჩვეულებრივ, საგანგებო განცხადებებს რომ აფრქვევენ ხოლმე „საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“, როგორც ეს „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში და ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი არეულობების დროს იყო.

იმიტომ, რომ ამერიკას ეშინია, კიდევ ერთხელ არ გაებას ხათაბალაში, როგორც არაერთხელ დაემართა სააკაშვილთან! რუსთაველის გამზირზე აქციის პასუხად ხომ ვაკის პარკში კონტრაქცია აღმოცენდა -
თბილისელი ახალგაზრდობის პროტესტი, რომელიც აღაშფოთა მათი თანატოლების მკვლელობის საქმის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნის სამარცხვინო პოლიტიზაციამ (რაც აქციის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას გამგზავრების შემდეგ ჯერ ამსტერდამში სააკაშვილთან, ხოლო შემდეგ ზუგდიდში, სადაც ნაციონალებს ყველაზე „შთამბეჭდავი“ ელექტორატი ჰყავთ, ჭორიკნებშიც კი ეჭვს აღარ იწვევს).

ვაშინგტონში ჯერჯერობით ვერ გამოთვალეს - რომელი მხარე გაიმარჯვებს, ამიტომ ფრთხილობენ, რომ წაგებულთა მხარეს არ აღმოჩნდნენ - ქართველი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 11 ივნისი
საქართველო, თბილისი