საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო სივრცის დასაცავად მოქალაქეები სპეციალურ ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრაციით (infoarmy.ge) „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონში“ გაწევრიანდებიან და პროექტის ანალიტიკური ჯგუფისგან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ სპეციალურ შეტყობინებებს, რომელთა ნაწილი - გავრცელებისთვის და ნაწილიც წინასწარი გაფრთხილების მიზნით დაიგზავნება.
გარდა ამისა, რეგისტრირებული „ლეგიონერები“ თვითონაც ჩაერთვებიან კონტრპროპაგანდისტული გზავნილების შემუშავების პროცესში და მუდმივად ექნებათ ორმხრივი კავშირი პროექტის ანალიტიკურ ჯგუფთან.
პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური მობილური აპლიკაციაც, რომელიც მათ გზავნილების ოპერატიულ გავრცელებაში დაეხმარება.
ამ გზით საქართველოს მოქალაქეები საქართველოს და ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციებს რეალური ფაქტებით და ზოგადად, სიმართლის გავრცელებით დაუპირისპირდებიან.
პროექტის მთავარი ამოცანაა მეტი „ლეგიონერი“ და მეტი გაზიარება სოციალურ ქსელში. ლეგიონის მთავარი ჰაშთაგი #ძალაჩვენშია იქნება. ლეგიონერების საინფორმაციო თავდაცვით აქტივობებს კიბერთავდასხმებისგან პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული წარმომადგენლები დაიცავენ, რომლებიც სპეციალური ტრენინგების შემდეგ სპეციფიკურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ ხელმძღვანელის გიორგი მოლოდინის განცხადებით, „ლეგიონი“ მზად არის, მთავრობის სტრატეგიულ კომუნიკაციებზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ავტორიტეტისა და საერთაშორისო იმიჯის დასაცავად შექმნილი გზავნილების გავრცელებაშიც დაეხმაროს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. ყველაზე აქტიურ „ლეგიონერებს“ კი შესაძლებლობა ეძლევათ, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის 3000 ლარი მიიღონ და კიდევ უფრო გააუმჯობესონ თავისი მიღწევები. ამის შესახებ დამატებით დეტალებს „ლეგიონის“ ვებგვერდიდან და ფეისბუქიდან შეიტყობთ. გიორგი მოლოდინის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია „საქართველოს ნარატივის პროაქტიული გავრცელება მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის გზით, რათა დროულად და ეფექტიანად შევავსოთ საინფორმაციო სივრცეში არსებული სიცარიელეები, რომლებსაც მოწინააღმდეგე ტყუილებით ავსებს და მოქალაქეებს არასწორი გადაწყვეტილებებისა და ქცევისკენ უბიძგებს“.
წყარო: commersant.ge