საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებები ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებენ, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებისთვის მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ტიგრან ბალაიანმა პრესკონფერენციაზე.
ამ ფორმით შეაფასა ბალაიანმა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც 30–31 მაისს შედგა. „ნათელი იყო, რომ ჩვენთანაც და საქართველოშიც უბრალო მიდგომაა – მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას და ხალხებს შორის თბილი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს. როგორი ფორმის დოკუმენტი ან ფორმულირება ექნება ამას – თუ ჩვენ გავაფორმებთ ახალ შეთანხმებას ან მოლაპარაკებას – ეს უკვე შესაძლებლობების საკითხია“, – განაცხადა ბალაიანმა.
მისი სიტყვებით, მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
„დიპლომატია – შესაძლებლობების ხელოვნებაა. აღნიშნულ მომენტში ახალი დიდი შეთანხმების გაფორმებისთვის მუშაობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი სამუშაო ჩატარდება“, – დაასკვნა მან.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.
გარდა ამისა, საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია.