რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგრეთ წოდებულ კიევის საპატრიარქოს არ ცნობს

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მომავალი ვიზიტის შესახებ აცნობა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი და რომელზეც უკრაინის ეკლესიის საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და უკრაინის უმაღლესმა რადამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს „კიევის საპატრიარქოს“ სექტანტების ლეგიტიმაციის თხოვნით მიმართეს.

საქართველოს პატრიარქის პრესმდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მომავალი ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა: „უკრაინის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც პირველ ეკლესიას, თხოვნით მიმართავს, რაიმე ზომები მიიღოს და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმაროს. რუსეთის ეკლესიას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს. ჩვენ მსოფლიო საპატრიარქოსთან კონსულტაციებს ჩავატარებთ. ბუნებრივია, ეს ძალიან რთული საკითხია, მას კანონიკური ნორმები არეგულირებს, ამიტომ მასზე მსჯელობა გაძნელდება... ჩვენი ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში იქნება მოზომილი და ისეთი, როგორც ეკლესიები შეთანხმდებიან“.

ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის კონსენსუსი დღეს იმაში მდგომარეობს, რომ „კიევის საპატრიარქოს“ მომხრეები სექტანტებად და „რასკოლნიკებად“ მიიჩნევიან და მათ არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, უკრაინის ეკლესიის საკითხი 4 ივნისს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) შეხვედრაზე განიხილეს.