სამართალი
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

    საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. კანონმდებლებმა შესაბამის დადგენილებას და კომისიის შემადგენლობას კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელიევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამკი კომისიაში მუშაობაზე უარი თქვა.

კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი სერგი კაპანაძეა, წევრებიოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, სალომე ზურაბიშვილი და ადა მარშანია.

რაც შეეხება კომისიის საქმიანობის სპეციფიკასა და სამუშაო ვადას, რეგლამენტის მიხედვით, კომისია სამი თვით შეიქმნა, თუმცა ვადის თითო თვით გაგრძელება შესაძლებელია სამჯერ, კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა კი ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რეგლამენტში ნათქვამია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

ამასთან, კანონმდებლობით, დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია, წერილობით მოითხოვოს და საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო მონაცემები.

რეგლამენტით, გამომძიებელი ვალდებულია, დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით უზრუნველყოს კომისიის წევრებისთვის სისხლის სამართლის საქმისა და მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულის გარდა, რეგლამენტით განსაზღვრულია არასრულწლოვანისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცედურაც და ნათქვამია, რომ არასრულწლოვანის დაკითხვას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. კერძოდ, 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისთვის ან თავის არიდებისთვის აფრთხილებენ შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

რეგლამენტით გათვალისწინებულია კომისიის მიერ ამა თუ იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის დასმის საკითხიც. კერძოდ, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია, აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით კი, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.