სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასკვნით ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ფაქტიურად, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, უკვე წამების კვალიფიკაცია დაემატა. გამოძიება ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზეც აქტიურად მუშაობს, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნა ცნობილია. სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.