საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ნატო „რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში მზადყოფნის ასამაღლებლად“ 30 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ოპერატიული რეზერვის შესაქმნელად ემზადება, რომელიც რამდენიმე მოკავშირე ქვეყნით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გაზეთი Die Welt წერს ალიანსის მაღალი რანგის დიპლომატებზე დაყრდნობით. ახალი შენაერთის განკარგულებაში იქნება რამდენიმე ასეული გამანადგურებელი და ხომალდი და ის საბრძოლო მზადყოფნაში 30 დღის ვადაში უნდა იქნეს მოყვანილი.
გამოცემის მონაცემებით, სარეზერვო შენაერთი შეიქმნება, როგორც უკვე არსებული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების Response Force (NRF) დამატება, რომელიც ამჟამად 20 ათას სამხედროს ითვლის.
ახალი დანაყოფის შექმნის ინიციატორი აშშ გახდა, თუმცა წამყვან როლს გერმანია შეასრულებს. ამ წინადადებას თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეხვედრაზე 7-8 ივნისს განიხილავენ, ივლისის შუა რიცხვებში კი ნატოს ქვეყნების ლიდერებმა პოლიტიკური დეკლარაცია უნდა მიიღონ.
გარდა ამისა, ალიანსს განზრახული აქვს, გააუმჯობესოს „სამხედრო მობილურობა გაშლის ადგილებისკენ სამხედრო ტექნიკის უფრო სწრაფად გადაადგილებისთვის“. ეს ასევე მოითხოვს ინფრასტრუქტურის (გზების, ხიდების, პორტების და სხვ.) სრულყოფას, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარებას.