აქტუალური
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაზე შეზღუდვები წესდება

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით ერთ დღეს განხილვა იკრძალება.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის. ცვლილებების მიხედვით, დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ინიციატორის წერილობით დასაბუთებას პარლამენტის ბიურო გაიზიარებს.

პროექტში ნათქვამია, რომ ერთსა და იმავე დღეს დასაშვებია კანონპროექტის მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენით განხილვა და მიღება, რაც მუხლობრივი და რედაქციული სახის მსჯელობას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცხოვრებაში კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა ხშირი პრაქტიკაა, რაც კანონპროექტის მოკლე დროში მიღებას გულისხმობს. კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლება ითხოვს.