პუბლიკაციები
ევროპული საქართველო ქართულ ოცნებას შეცვლის? - საქინფორმი

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ევროპული საქართველოს (რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შეიქმნა) ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართული აქციების ორგანიზებაში ევროპულ საქართველოს”, ენმ-სგან განსხვავებით, მონაწილეობა არ მიუღია. ბოკერიას (პრეზიდენტ სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს მდივნის, ენმ-ის ყოფილი იდეოლოგის) თქმით, მისი პოლიტიკური ძალა არსებითად განსხვავდება იმ ძალებისგან, რომლებიც აქციების მოწყობაში მონაწილეობენ“.

ჩვენ თანავუგრძნობთ ბატონ სარალიძეს ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, და მისი მოწოდების გამო ამ პროტესტში მონაწილეობას ვიღებდით. სამწუხაროდ, ჩვენი განსხვავებები იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც რეალურად უფრო ახლოს იყვნენ ორგანიზებასთან, არის ძალიან არსებითი, და მათი განცხადებებიდან ეს დასკვნები ძალიან მარტივად შეგიძლიათ გამოიტანოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური ძალების მოთხოვნა, რომ შეხვედროდნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ჩვეულებრივი პიარაქცია იყო.

თუ გავითვალისწინებთ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი „ნიშნადი სახის“ - სერგი კაპანაძის დანიშვნას მოზარდების მკვლელობის ზემოთ მითითებული საქმის გამოძიების სპეციალური საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ, აგრეთვე პარტია „ევროპული საქართველოს“ მეორე კანდიდატის - ადვოკატ შალვა შავგულიძის სავარაუდო დანიშვნას საქართველოს მთავარ პროკურორად მოსწავლეების მკვლელობის საქმის გამო გადამდგარი ირაკლი შოთაძის ნაცვლად, მაშინ ჯიუტად მოარული ხმები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „სიმპათიის“ შესახებ ამ ოპოზიციური პარტიის მიმართ საფუძველს მოკლებული არ არის.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერშიპს, თავად ბოკერიას გარდა, წარმოადგენენ „ზომიერი“ ექსნაციონალები, როგორებიც არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომლებიც საჯაროდ განუდგნენ მიხეილ სააკაშვილს და მისი მართვის მეთოდები დაგმეს(?!), ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ევროპულ საქართველოს“ საქართველოში მთავარ ოპოზიციურ პარტიად აქცევს (დღევანდელი ენმ-ის ნაცვლად), ანდა პირიქით - ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილი მთავარი ოპოზიცია მისი „ქართული ოცნება“ იქნება, ხოლო „ევროპული საქართველო“ პარლამენტში უმრავლესობით შევა. დროდადრო ეს ორი მთავარი პარტია საქართველოში ადგილებს გაცვლის, როგორც აშშ-ის კონგრესში - რესპუბლიკელები და დემოკრატები.