სამართალი
თინა ხიდაშელის ძმის წინააღმდეგ, რომელმაც ნაცზონდერ კუპრავას ზაზა სარალიძეზე შესაძლო თავდასხმის შესახებ აუწყა, თაღლითობის მუხლით საქმეა აღძრული (ვიდეო)

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

სამართალდამცველებმა მიხეილ ხიდაშელი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისი სახელი ახსენა. კერძოდ. კუპრავას თქმით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმებოდა.

ზვიად კუპრავამ მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა, სადაც სავარაუდოდ მისი და აქციის მონაწილეების საუბარი ისმის.

პირველი არხის ინფორმაციით, ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში შესვლისას ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაპირველად მან ისიც კი უარყო, რომ ის მიხეილ ხიდაშელი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია.

მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე 180-ე, თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ხიდაშელის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს 09:00 საათზე დასრულდა.

„სამართალდამცველებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები, რომლებზეც გავეცი პასუხი. ყველა სხვა კითხვას უკვე სამართალდამცველები უპასუხებენ“, – ამის შესახებ მიხეილ ხიდაშელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა. ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე თითქმის 10 საათს იმყოფებოდა.

კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ სამართალდამცველებს, ხიდაშელს მედიასთან არ უსაუბრია.

თინა ხიდაშელი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისი ძმის ხსენებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი:
1. არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობს.
2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.
3. ვერ ვხედავ, ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი, ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ, არ ჩანს, თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად.
4. აქვე ინფორმაციისთვის, სუს-ში არასოდეს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.
5. ზოგადად, მე თუ მკითხვათ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
6. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი”,
– წერს ხიდაშელი.