საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. როგორც ТАСС იუწყება, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას იმ ქვეყნების მხარდაჭერის და აღიარების იმედი აქვს, რომლებიც დასავლეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ“. „სუვერენული სახელმწიფოებისთვის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით არაღიარების მოთხოვნის აგრესიულად თავს მოხვევა ყველგან როდი გადის. მსოფლიოში ბევრი სახელმწიფოა, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ იმპერიალისტური დიქტატი და თავიანთ პოლიტიკას დასავლეთისკენ მიუხედავად ახორციელებენ. ჩვენ უფლება გვაქვს, მათი გაგების, მხარდაჭერის და აღიარების იმედი გვქონდეს“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა.
მისი თქმით, ზამთარში, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის სერბთა რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ცხადი გახდა, რომ „ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან კავკასიური რესპუბლიკის მხარდასაჭერად. ასეთი მხარდაჭერა გვიბიძგებს, მეტი ძალისხმევა მოვახმაროთ საერთაშორისო პოზიციების წინ წაწევას... საქართველო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას აპირებს. რა გაეწყობა, სამხრეთ ოსეთის აღიარება გაფართოვდება და, თუ ამ გზით ივლის, თბილისი ოდესმე თვითონ გამოიმწყვდევს თავს დიპლომატიურ იზოლაციაში“.
ცნობისათვის: ამჟამად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 5 ქვეყანას: სირიას, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და რუსეთს. 2011 წელს ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკის სუვერენიტეტი ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარეს, თუმცა შემდგომში ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვიეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებასთან დაკავშირებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო სირიის არაბთა რესპუბლიკა საქართველოს გარდა აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, თურქეთმა და სამხედრო ბლოკმა ნატომ დაგმეს.