პოლიტიკა
ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში შეიყვანა

hizbollah-flagამის შესახებ „კურსორინფო“ იუწყება. ტერორიზმთან ბრძოლის სახელმწიფო შტაბის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ ეგვიპტე, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, კოტ-დივუარი, მალი, მავრიტანია და ვენესუელა.

უსაფრთხოების სამსახურები ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში სტუმრობისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ისრაელის მოქალაქეების მისამართით მოსალოდნელი ტერაქტების განხორციელების შესაძლებლობაზე, ტერორიზმთან ბრძოლის შტაბი „ჰესბოლას“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, იმადა მუგნიეს ლიკვიდაციის მესამე წლისთავის მოახლოების გამო ალაპარაკდა. მუგნიე 2008 წლის 13 თებერვალს დამასკოში მოკლეს. „ჰესბოლა“ მის მოკვლაში ისრაელს ადანაშაულებს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურ თელ-ავივს მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. სპეციალისტების აზრით, მუგნიე რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლობის შედეგად მოკლეს.

ისრაელის მიერ საქართველოს სახიფათო ქვეყნების სიაში შეყვანასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერ გიორგი ახვლედიანს. იგი ისრაელის გადაწყვეტილებას ებრაელ ბიზნესმენებთან მომხდარ სკანდალს უკავშირებს.

როგორც გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისრაელმა საქართველო სახიფათო სახელმწიფოების რიცხვში ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო შეიყვანა, რამაც მთელი ცივილიზებული სამყაროსა და ბიზნესსაზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ებრაელი ბიზნესმენების – ფუქსისა და ფრენკელის პროცესი, რომლებიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოსყიდვის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.