საზოგადოება
ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით სეზონური მატარებელი იმოძრავებს

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი მატარებელი №202/201 ინიშნება. სამხრეთ კავკასიის რკინიგზის (სომხეთი) კუთვნილი შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30 საათზე, ბათუმში შევა 07:10 საათზე, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 საათზე და ერევანში ჩავა 07:25 საათზე.

ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.