უცხოეთი
რუსეთის ფლოტის გემები საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ოკუპირებულ აფხაზეთთან განლაგდებიან

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს სოჭის უსაფრთხოებას დაიცავენ. რუსული მედიის ცნობით, რუსული გემები მუნდიალის მიმდინარეობის დროს ქალაქს საზღვაო შეტევებისგან დაიცავენ.

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ გემები ოკუპურებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრიდან სოჭამდე, სანაპირო ხაზზე განლაგდებიან. მათ შორის იქნებიან ხომალდები, რომლებიც სევასტოპოლსა და ანაპაში არიან ბაზირებულები. საუბარია მცირე ნავსაწინააღდმეგო გემ „ეისკზე“, ასევე ნავსაწინააღმდეგო ხომალდ „მურომეცზე“, ნავსაწინააღდმეგო და სარაკეტო კატერებზე.

მობილიზებული იქნება შავი ზღვის ფლოტის სპეცრაზმიც, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ნაღმების არსებობას შეამოწმებს. გარდა ამისა, როგორც რუსული მედია წერს, იგეგემება უფრო დიდი სამხედრო შენაერთის შექმნა, რომელიც უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩაატარებს პატრულირებას.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უსაფრთხოების დასაცავად, 11 ქალაქში რადიოლოკაციურ ჯგუფებს გაგზავნიან. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კი ჩემპიონატის დასაცავად 50 გადასატან კომპლექსს გამოყოფს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიაზე დრონების შეღწევა აღიკვეთება.

მუნდიალი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში „როსავიაცია” აკრძალავს ფრენებს იმ ქალქების საჰაერო სივრცეში, რომლებიც საფეხბურთო მატჩებს მასპინძლობენ.

1tv.ge