ბექა წიქარიშვილი: იმ მმართველებთან, რომლებიც სიტყვას არ ასრულებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ ვაპირებ!
სამართალი
ბექა წიქარიშვილი: იმ მმართველებთან, რომლებიც სიტყვას არ ასრულებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ ვაპირებ!

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრის ბოლო ვადა გავიდა, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ბექა წიქარიშვილის თქმით, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი სიტყვა არ შეასრულეს, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმს წყვეტენ.

ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს მაგიდის გარშემო ისეთ მმართველებთან ჯდომას, რომლებიც სიტყვას არ ასრულებენ. რა იქნება მომავლის გეგმები, ჯერ არ ვიცი. ჩვენი ამოცანა არის კიდევ უფრო გაძლიერება და უფრო მძლავრი ორგანიზმის შექმნა საზოგადოებასთან ერთად. ის, რაც მათ ორი კვირის წინ გააკეთეს კლუბებში, ეს არის ფატალური შეცდომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს ადრე თუ გვიან. მათ დარტყმა მიაყენეს ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ ნაწილს, ახალგაზრდობას“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები სამომავლო გეგმებზე ჯერ არ ლაპარაკობენ, თუმცა არც აქციების განახლებას გამორიცხავენ. მათი მთავარი მოთხოვნა იგივეა - ნარკოპოლიტიკის ცვლილება.

ეს არ არის აუცილებელი, დღეს, ხვალ და ზეგ მოხდეს, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ერთ და ორ დღეში სისტემის ტრანსფორმაციას მოვახდენთ, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ეს არის მუდმივი მუშაობა,რომელიც მთავარია, არ გაჩერდეს და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ.

შინაგან საქმეთა მინისტრი სულ რომ არ მოსულიყო იქ, ჩვენ მაინც მივიღებდით იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ. დანაპირების აუსრულებლობის გამო მოტყუებულად მე კი არა, ქვეყანა უნდა გრძნობდეს თავს იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უკვე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და აგრძელებს ამ შეცდომების დაშვებას. ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს”, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ კლუბ „ბასიანში“ მიმდინარე რეივ-აქციას შეუერთდა, სადაც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საპოლიციო რეფორმას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ.