სამართალი
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობა - საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადდა

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის გათვალისწინებით, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხები განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ცვლილებების მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.

პროექტით დგინდება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს. თავის მხრივ, მოქალაქეობის შენარჩუნების დროს პირი შემდეგ წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს, ასევე საქართველოს მოქალაქე, სულ მცირე, ხუთი წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებს.

კანონპროექტით მნიშვნელოვან სიახლეს დროებითი უფლება წარმოადგენს. კერძოდ, ცვლილებებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზები იცვლება. კერძოდ, პროექტით, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას ხუთწლიანი ცხოვრების ცენზი ათ წლამდე იზრდება; გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი ორწლიანი ცხოვრების ცენზი ხუთ წლამდე გაიზრდება.