რელიგია
ილია II-მ „რუსთავი 2“-ს მოუწოდა, უხეშად არ შეეხოს ქრისტიანობას

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი.

„ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სული წმინდის მოსვლას მოციქულთა ზედა. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იქმნას ტაძარი სულისა წმინდისა. ამისთვის მოწოდებულნი ვართ ჩვენ ყოველნი. „სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.“

ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი, იყოს სიკეთის მხარეს, სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ.

მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში, _ ურთიერთობა ეკლესიასა და ტელევიზიას შორის, რუსთავი 2- შორის. მე მინდა მინდა გითხრათ, რომ არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილებია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ გამოსწორდება ურთიერთობა ჩვენ შორის“, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას სულთმოფენობის დღესასწაულზე.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და რამდენიმე გვარი დალოცა.