უცხოეთი
პოლონეთი მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ აშშ-ს ორ მილიარდ დოლარს სთავაზობს

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. პოლონეთი აშშ-ს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსების სანაცვლოდ ორ მილიარდ დოლარს სთავაზობს, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Onet ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, მათ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზების პროექტი მოიპოვეს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ვარშავას დიდი ხანია სურს ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ერთ-ერთი ინიციატივა კი ამერიკელი სამხედროების პოლონეთის ტერიტორიაზე დისლოცირებას ითვალისწინებს.

პოლონური მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა 1999 წლიდან ისმის, თუმც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრისა და 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ეს თემა პოლონეთის მთავრობაში ხელახლა გააქტიურდა.

დოკუმენტის ტექსტში საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები. კერძოდ, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია არის საერთაშორისო სტაბილურობისა და წესრიგის უხეში დარღვევა.

„2017 წელს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის აგრესია აშშ-ისა და გლობალური სტაბილურობის მთავარ საფრთხედ დაასახელა. რუსეთის აგრესიული ქმედებები, როგორც ეს ვნახეთ საქართველოში 2008 წელს და უკანასკნელად 2014 წელს უკრაინაში, რაც დღემდე გრძელდება. არის დესტრუქციული საერთაშორისო სტაბილურობისთვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისთვის“, – წერია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს უკვე გადაუგზავნეს.

პოლონეთის თავდაცვის უწყებაში შიშობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ, რუსეთის სამიზნე შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გახდნენ. ვარშავაში ამტკიცებენ, რომ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა NATO-რუსეთის სადამფუძნებლო აქტი დაარღვია.

„აშშ-ის სამხედროების მუდმივი განთავსება პოლონეთში, გააძლიერებს აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და განამტკიცებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას“, -ნათქვამია დოკუმენტში.

შეთავაზებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პოლონეთში აუცილებელია ამერიკელი სამხედრო დივიზიის მუდმივი დისლოცირება. პოლონეთი მზადაა სამხედროების განთავსებას მხარი ფინანსურად დაუჭიროს.

„ამ ხარჯებმა შეიძლება 1,5-2 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ეს ითვალისწინებს ერთობლივი სამხედრო ობიექტების მოწყობას და ამერიკელი სამხედროების უფრო მოქნილი გადაადგილების უზრუნველყოფას“- ნათქვამია ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

ვარშავა ასევე მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ხარჯების დიდი ნაწილი, რაც აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილების რეალიზაციისას ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიის მიერ გავრცელებული შეთავაზების დოკუმენტი ავთენტურია.

დოკუმენტში მოცემულია ამერიკული ბაზების, ჰოსპიტალების, სკოლებისა და ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლების დისლოცირების შესაძლო ადგილები. პოლონეთის შეთავაზება აშშ-ის კონგრესს გადაუგზავნეს.

როგორც პოლონურ მედიას პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ანტონ მაცერევიჩის მოადგილე დომინიკ სმირგალამ უთხრა, აღნიშნული დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და პოლონელმა სამხედროებმა ერთად შეიმუშავეს.

პოლონური გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვაშინგტონში წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ინფრომირების გარეშე გააგზავნა, რაც პოლონეთის მთავრობის წევრებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებეზე მიუთითებს.

ამჟამად პოლონეთში ამერიკელი სამხედროები და NATO-ს ჯარისკაცები როტაციული პრინციპით იმყოფებიან.

1tv.ge