პოლიტიკა
თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას ვერ გააკეთებს, საქმეში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება - რუსეთი ზუსტად ისევე მოახდენს რეაგირებას პოლონეთში ნატოს ბაზის გამოჩენაზე, როგორც საქართველოს ნატოში შესვლაზე - საქინფორმი

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო დუმის ფედერაციათა საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევგენი სერებრენნიკოვმა კომენტარი გაუკეთა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის გამოჩენის შესაძლებლობას, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა. სერებრენნიკოვის თქმით, ახლა რუსეთი დიპლომატიური არხებით ცდილობს, პოლონეთს ამ ნაბიჯის გადადგმა გადაათქმევინოს. მაგრამ თუ ეს ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება, საქმეში ჩასართავად მზად არის თავდაცვის სამინისტრო, სადაც უკვე მზადდება პოტენციური კონტრზომები პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის გამოჩენაზე.

„რუსეთის დიპლომატიური საზოგადოება ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას თავიდან აიცილებს ან პოლონეთს დაარწმუნებს, მასზე უარი თქვას. მაგრამ, დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგობის გასაწევად მზად არის და, რამდენადაც ვიცი, ასეთი ღონისძიებები უკვე ტარდება“, - აღნიშნა სენატორმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური განცხადება საქართველოს მისამართითაც გააკეთა 24 მაისს პრაღაში კარასინი-აბაშიძის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით: „გრიგორი კარასინმა შეხვედრაზე საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. ამიერკავკასიის „სამხედრო ათვისება“ რეგიონსგარეშე ძალების მიერ რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს... ამ ვითარებაში რუსეთის მხარეს უფლება აქვს, ადეკვატური ზომები მიიღოს საკუთარი და მოკავშირეების უსაფრთხოების გასამტკიცებლად“, - ნათქვამია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველო - ნატოში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - რუსეთში“: საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა პირდაპირ ეთერში სააგენტო News Front-ის პროგრამაში „На Самом Деле“ სერგეი ვესელოვსკისთან ერთად ივარაუდა, რომ საქართველოს ალიანსში შესვლის შემთხვევაში (ან პირიქით - საქართველოში ნატოს მეტი დოზით გამოჩენისას, ვიდრე ერთობლივი სასწავლო ცენტრები და სწავლებებია) რუსეთის ფედერაცია თავის შემადგენლობაში მიიღებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რაც უკვე მზადდება, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს ახალ საზღვარს უახლესი სარაკეტო კომპლექსებით გააძლიერებს.

საქინფორმი