ესპანეთში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი დააკავეს
სამართალი
ესპანეთში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი დააკავეს

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ესპანეთში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით, ალმერიაში ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი დააპატიმრეს, რომლებსაც ბრალი საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში ედებათ. პოლიციამ დაკავებულების მანქანიდან მოპარული ნივთები და კარის საკეტების გასახსნელი ინსტრუმენტები ამოიღო. გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა ქალაქ ალმერიაში 14 სახლი გაქურდეს. ესპანური გამოცემების ცნობით, საქმის გამოძიება 2018 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა.

სამართალდამცველების ცნობით, ქართველებისგან შემდგარი დაჯგუფება სახლებს ძირითადად ქალაქის ძველ უბნებში ქურდავდა. დამნაშავეები ისეთ დღეს არჩევდნენ, როდესაც სახლში არავინ იყო. მოპარულ ნივთებს შორის იყო ძვირფასეულობა, საათები, ფული და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაკავების ოპერაციის დროს, ერთ-ერთმა დამნაშავემ გაქცევა სცადა. დევნისას მან მანქანა პოლიციის ავტომობილს დააჯახა. შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა. ალმერიას გარდა, დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი მადრიდში აიყვანეს. დაკავებულების ასაკი 25-დან 39 წლამდეა. სასამართლომ ხუთივეს პატიმრობა მიუსაჯა.