პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება - გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 მაისს პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ითქვა, რომ ამ სფეროებში აღინიშნება დადებითი დინამიკა.

„რუსულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია შვეიცარიულ კომპანია SGS-თან მიმდინარე წლის 18 მაისს კონტრაქტის გაფორმების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების შესაბამისად. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიურ კონტრაქტს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და გამოთქვა იმედი, რომ რუსული მხარე კეთილსინდისიერად, თემის პოლიტიზების გარეშე მიუდგება საკუთარი ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე საქართველოს ყოფილი საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, უწყების განცხადების თანახმად, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთ ფორმატს კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.