პუბლიკაციები
საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ადგილებს... აშშ-ში ქმნის - საქინფორმის კომენტარი

       საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Fox News-ის ვებგვერდზე წერილს აქვეყნებს სათაურით აშშ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ამერიკისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის და ენერგოუსაფრთხოებას გააუმჯობესებს“.

ასი წლის წინ ამ თვეში საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. დამოუკიდებლობა, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის და რომელიც აღნიშნულია მუდმივი ბრძოლით თავისუფლებისთვის. მოკლე ხნის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ანექსირებული და ჩვენ გავუძელით 70-წლიან ოკუპაციასა და გარე ძალების დომინირებას“, - ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველო არის კომერციული და კულტურული ჰაბი, ასევე სასურველი მიმართულება ტურისტებისთვის, დემოკრატია განვითარებული სამოქალაქო და საჯარო ინსტიტუტებით.

ამ გზის გავლა აშშ-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა. აშშ დარჩა ერთგულ მეგობრად ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, როდესაც 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია მოხდა და ის აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას”, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს, როგორც დასავლურ ქვეყანას, გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, მათ შორის ერაყის და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით. მისივე თქმით, საქართველო NATO-ს ასპირანტი სახელმწიფოა და მისი თავდაცვის ხარჯები უკვე სცილდება ალიანსის მოთხოვნებს.

ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას, რადგან შესაძლებლობები იმდენად მიმზიდველია, ხოლო შედეგები - შორს მიმავალი. ჭკვიანური ვაჭრობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მტკიცე შეთანხმებით დაიწყება, ჩვენს დღის წესრიგში უნდა იყოს.

პირველ რიგში, ეს შეთანხმება ამერიკულ კომპანიებს ევრაზიაში ფეხის მოკიდებაში დაეხმარებოდა და გაუხსნიდა გზას ახალი აბრეშუმის გზისკენ, ევროპისა და აზიის 2-მილიარდიანი ბაზრისკენ. საქართველო სწარაფად ხდება ევროპის და ჩინეთის დამაკავშირებელ მთავარ სახმელეთო გზად.

მეორე, სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში. სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე საქართველო, რომელიც ირანს, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, არის ერთადერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების მიწოდებისთვის კასპიის აუზიდან ევროპაში.

და ბოლოს, აშშ-ისა და საქართველოს სავაჭრო შეთანხმება გააჩენდა მეტ სამუშაო ადგილს ამერიკელებისთვის. საქართველომ უკვე გააფორმა კონტრაქტების ამერიკულ კომპანიებთან ანაკლიის პორტის განვითარებისა და ოპერირების თაობაზე”, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს და ქვეყანა სულ უფრო მიმზიდველი ხდება, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-ის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს წინ წაწევს, ხოლო საქართველო კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება დასავლეთის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკასა და უსაფრთხოების არქიტექტურაში.

საქართველო რჩება ნათელ წერტილად ევრაზიის ახალ ეკონომიკურ პარადიგმაში. ხოლო აშშ-ისთვის წარმოადგენს მზადყოფნაში მყოფ და ყველა შესაძლებლობის მქონე მეგობარს”, – წერს პრემიერ-მინისტრი.

საქინფორმი: როგორც ცნობილია, საქართველოში აშშ მხოლოდ სამხედრო ობიექტების - ცენტრებისა და ბაზების შექმნითაა დაინტერესებული. ინვესტიციებს ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესში, მითუმეტეს - ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ საქართველოდან სკანდალური წასვლის შემდეგ - აშშ არ ახორციელებს. ამიტომ ამ სტატიაში კვირიკაშვილის მიზანი იყო, აშშ მიეზიდა სარგებლით, რომელსაც ის საქართველოში მიიღებს, როცა იქიდან რუსეთს განდევნის - ენერგომატარებლების ტრანზიტში, პროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ საქართველოს მონაკვეთზე კონტროლში, ახალი უზარმაზარი ბაზრით - საქართველოს გავლით დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობით, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვით ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რომელიც ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას დაფინანსების არარსებობის გამო, აგრეთვე ამერიკელ სპეციალისტებთან ხელსაყრელი კონტრაქტებით.

საგულისხმოა, რომ პრემიერ კვირიკაშვილის სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ენგურჰესზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად ის გაჩერდა. და რომ არა ელექტროენერგიის ექსპორტი „ოკუპანტი“ ქვეყნიდან (რუსეთის ფედერაციიდან, რომლის შეცვლას პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკული ბიზნესკომპანიებით გეგმავს), საქართველოს ნაწილს განუსაზღვრელი დროით სიბნელე მოიცავდა.