საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკლ სვეინსტონმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირ მოსმენაზე წარდგა. რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელი ადვოკატის მტკიცებით, 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში ოსებს სამშვიდობო გზავნილით მიმართა, რამდენიმე საათში კი ცხინვალზე თავდასხმის ბრძანება გასცა.
„სიმართლე კი ის არის, რომ საქართველო თვითონ დაესხა თავს საკუთარ სოფლებს კასეტური რაკეტებით, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა. „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ მას შემდეგ აღიარა, რომ ის შეცდომაში შეიყვანა 10-მა ცრუ მოწმემ, რომლებთანაც ინტერვიუ ცალკე ჩაწერეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს კუთვნილი კასეტური ბომბების შედეგად მიყენებული ზარალი რუსულმა თვითმფრინავებმა გამოიწვია, რომლებმაც მათი სოფლები დაბომბეს. საქართველოს მოსწონს მოწმეების წარმოჩენა, თუმცა ამ მოწმეების ხარისხი აჩვენა „ჰიუმან რაითს ვოჩმა“. აშკარაა, რომ ეს ცრუ მოწმეები წარადგინა საქართველომ და ეს იყო საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი. საქართველომ დაბომბა საკუთარი სოფლები კასეტური ჭურვებით, ეს ეჭვგარეშეა. ერთადერთი კითხვა მდგომარეობს იმაში, ეს იყო შემთხვევითი თუ მიზანმიმართული ქმედება“, – განაცხადა მაიკლ სვეინსტონმა.