აქტუალური
ვარდების მოედანს, რომელიც სააკაშვილის „ვარდების რევოლუციის“ პატივსაცემად იყო სახელდებული, სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა - დარჩება თუ არა მოედანზე სააკაშვილის ველოსიპედი?

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნის ახალ სახელზე შეჯერდა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მოედანს ეს სახელი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დაერქვა მის მიერ 2003 წლის ნოემბერში მოხდენილი „ფერადი სახელმწიფო გადატრიალების“ პატივსაცემად, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს. იმავე დროს, სააკაშვილის ბრძანებით, მოედნიდან მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის ძეგლი აიღეს და აღმართეს სააკაშვილის ველოსიპედის უზარმაზარი „ძეგლი“ რომლის 2 საჭე სხვადასხვა მხარეს იყურება, როგორც საქართველო და რუსეთი - სააკაშვილის წყალობით.

და აი, კომისიის გუშინდელი გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი დაერქმევა. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა კონკრეტულად ამ სახელის არჩევის მიზეზი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ნაციონალური მოძრაობისა და მისგან დაკვირტული ევროპული საქართველოსწევრები. მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.