უცხოეთი
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს. უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული.
როგორც პირველ არხს მონასტრის გიდმა განუცხადა, ფრესკებზე კირის ნატეხითა და მარკერით წარწერებია გაკეთებული.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტურისტები ფრესკებიან კედლებზე სამახსოვრო წარწერებს აკეთებენ, თუმცა ამის აღსაკვეთად ეკლესია უძლურია. ვანდალური ფაქტის ავტორების დასჯის პრეცედენტი არასდროს ყოფილა, რადგან ასეთ დაზიანებებს მოგვიანებით აღმოვაჩენთ ხოლმე“, – აცხადებს გიდი.
ტურისტული ჯგუფების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნდა იყოს გამაფრთხილებელი აბრა, სადაც იქნება წარწერა, რომ ძეგლის დამზიანებელი ისჯება კანონით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ მომხდარი ვანდალიზმად შეაფასა და სათანადო მოკვლევისთვის შესაბამის უწყებას მიმართა.
სააგენტოს განცხადებით, დაზიანებული ფრესკები სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათი ანგარიშის თანახმად, ფრესკებზე ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებებია.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ფრესკების აღდგენა შესაძლებელია.
სააგენტოში აცხადებენ, რომ გასულ წელს დავით გარეჯის კომპლექსი „ევროპანოსტრას“ საფრთხის შემცველი ძეგლების ფინალური ნუსხის შვიდეულში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან აღნიშნული ორგანიზაცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის დონორი ორგანიზაციებიდან ფინანსების მობილიზაციაზე იზრუნებს.

1tv.ge