საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობა 2018 წელს 3 მილიონ 721 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო 2050 წლისათვის, შესაძლოა, კიდევ 1 მილიონ 100 ათასით შემცირდეს, ძირითადად - ქართველების ხარჯზე!

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. 1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება, - ამის შესახებ ლაპარაკია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომელთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3 721 000-ია.

"აღნიშნულ პერიოდში კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53,8 პროცენტიდან 58,3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე, პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით", - ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.

"თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია, მოსახლეობის დაბერებით აიხსნას. 2014 წელს 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16,7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12,3%.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1 260 700 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 20,0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი იმავე პერიოდში 10,5 პროცენტიდან 14,6 პროცენტამ გაიზარდა. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებითა და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1990-
იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი) 1,5- არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა.

1994
წელს სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ ქალებისათვის - 74,1 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 66,0 წელი შეადგინა. 2017 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისთვის - 3,7 წლით, ხოლო მამაკაცებისთვის 3,2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსხვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლოვობას შორის 8,6 წელი შეადგინა", - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ დაანგარიშების შედეგად მიღებულ მონაცემებში.
დემოგრაფ თამარ ჩიბურდანიძის თქმით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა, შესაძლოა, 28%-ით, ანუ 1,1 მილიონზე მეტი ადამიანით შემცირდეს. ეს, ძირითადად, ეთნიკურ ქართველებს შეეხება. მოსალოდნელი დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზომების დაუყოვნებლივ მიღება.