საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს განზრახული აქვს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დეტალურად განიხილოს საბაჟო ადმინისტრირების და ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების შემდგომი რეალიზაციის საკითხები.
"ჩვენი მთავარი განსჯის საკითხი იქნება საბაჟო ადმინისტრირების და ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა. მოგეხსენებათ, 2017 წლის ბოლოს საქართველომ გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანია "ესჯეესთან". ახლა რუსეთის ჯერი იყო და გუშინ (18 მაისს - საქინფორმი) მათ მოაწერეს ხელი ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანიასთან. 24 მაისის შეხვედრაზე ვისაუბრებთ ამაზე, შევეცდები, მოვისმინო და გავიგო, რას ფიქრობენ, შემდეგი ნაბიჯების სახით რას გეგმავენ“, - განაცხადა აბაშიძემ.
„ახლა, ალბათ, უკვე უნდა შეიქმნას სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ-რუსულ-შვეიცარიული, რომელიც დროდადრო შეიკრიბება და მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის განხორციელებას. ანუ იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადავდივართ", - დაასკვნა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა გრიგორი კარასინთან ხუთშაბათს, 24 მაისს პრაღაში გაიმართება.