პოლიტიკა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია ვაშინგტონში, რომელშიც პრემიერი კვირიკაშვილი მონაწილეობს, „აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის“ და The Heritage Foundation-ის მიერ არის ორგანიზებული

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომელიც 23 მაისს დასრულდება. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა გახსნა. დღეს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით იმართება.

როგორც საქინფორმი იუწყდებოდა, 28 იანვარს გამოქვეყნდა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundation-ის მოხსენება „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში“, რომლის ავტორია დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი. აღნიშნული მოხსენების მე-5 რეკომენდაცია გულისხმობს „საქართველოს სასწრაფოდ გაწევრიანებას ნატოში - МАР-ის გარეშე, მაგრამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც“, რომლებზეც კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლები, ავტორის ჩანაფიქრით, არ უნდა გავრცელდეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე ორმხრივი შეხვედრები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან. ხოლო ხვალ, 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.