საზოგადოება
ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა 24 მაისს შედგება

     საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს 24 მაისს შეხვდება.

პრაღაში მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება.

პრაღის ფორმატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს. თუმცა, ზურაბ აბაშიძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ის გრიგორი კარასინთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას. იქნება თუ არა პრაღაში საუბარი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების შესახებ, ჯერ უცნობია.

ასეთი შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მომზადება“,განაცხადა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.