აქტუალური
საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა

     საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, აივ/შიდსის შემთხვევათა მაჩვენებელი გაზრდილია და 7000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ პირველ არხს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 7032 აივ/შიდსის მქონე ადამიანია რეგისტრირებული.

თუმცა, როგორც ცენტრში აცხადებენ, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში რეალურად 11 000-მდე აივ/შიდსით დაავადებული ცხოვრობს.

წელს უკვე დაფიქსირებულია აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევა, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე 20 მაისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით შიდსის ცენტრში 20 მაისს, 11.00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.