პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიაზე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებებში

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატოს ახალ შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

შეხვედრა 2018 წლის ბრიუსელის სამიტის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებებში. წევრი ქვეყნების მიერ აღინიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ნატოში წევრობასთან.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების გამო.

მოკავშირეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში მიღწეული შედეგები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერების კუთხით. წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები მიესალმნენ საქართველოს თანმიმდევრულ პოლიტიკას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩართულობის შემდგომ ამაღლებას. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე წარმოადგენდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსის ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იქნება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში ნატოს ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.