საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გაუკვირდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის სურვილი თავისი უფლებამოსილების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გამოთქვა.
მარგველაშვილმა, რომლის საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება, ოთხშაბათს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერთან დალაპარაკებას შეძლებს.
„ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებით ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, ეს მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია, რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ?", — განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედს“.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, როდესაც არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის რეგიონში გარდაიცვალა და მისი ცხედრის გადმოცემა გაჭიანურდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, პირადად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ მაშინ მარგველაშვილს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულების გამოჩენა კვირიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერით შეეძლო.
„ადრე ბატონ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისთვის და ცნობილი პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ", — აღნიშნა აბაშიძემ.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.
ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.