საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„თუ აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა. როდესაც მელაპარაკება, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც არ ითარგმნება ოჯახის ინტერესებამდე. ასე რომ, რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს – მოდი, ვნახოთ, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს და რანაირად შეიძლება ეს ინტერესი აისახოს მოქალაქეებზე. ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. კიდევ ერთი ნაბიჯით რომ წინ წავიდეთ, ეს ოკუპაცია ხომ ისტორიული აბსურდია, სახელმწიფოს რაში სჭირდება ოკუპაცია? რაღაცა რესურსების გამო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.