საზოგადოება
საქინფორმი: სასტუმრო „სტამბა“ - გამომცემლობა „სამშობლოს“ ნაცვლად, ანუ დიდი ბაიბურთობა გრძელდება!

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი.
ცოტაოდენი ისტორია: 2007 წლის 10 აგვისტოს, დილის 4 საათზე თბილისის ცენტრში სააკაშვილის ხელისუფლება ასობით შეიარაღებული პოლიციელის სახით, რომლებსაც სააკაშვილის „ზონდერი“ გრიშა ბაიბურთი ხელმძღვანელობდა (ამისთვის ის შემდგომში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს), კოსტავას ქუჩის N14-ში მდებარე შენობაში შეიჭრა და ტყუილით, რომ შენობაში ბომბია, თავიანთი ოფისებიდან ქუჩაში გამოყარა დაახლოებით 80 გაზეთისა და ჟურნალის რედაქციები, 2 ტელეკომპანია, ათამდე გამომცემლობა და ტიპოგრაფია მთელი თავისი ქონებით. ბევრი მათგანი დღეს სამუშაოდ ფართობს ქირაობს, ხოლო რედაქციებისა და ტიპოგრაფიების 3 ათასი თანამშრომლიდან უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა. ასე მოვიდა გამომცემლობა „სამშობლოში“ სიკვდილი, რომლისგანაც პრესა 20 ათასი კვ. მ. ფართობის შენობის უსქელესმა, 10-ბალიან მიწისძვრაზე და ტიპოგრაფიული მანქანების 24-საათიან ვიბრაციაზე გათვლილმა, კომუნისტური საქართველოს დროს კეთილსინდისიერად აშენებულმა კედლებმაც ვერ იხსნა... 2008 წლის 10 აგვისტოს კი ამ შიშველ კედლებში სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები შეასახლა (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

რამდენიმე წლის წინ შენობის უკანა ფლიგელში, სადაც ადრე სხვებთან ერთად გაზეთ „ვრასტანის“ (სომხურად - „საქართველო“) რედაქციაც მდებარეობდა, რომლის რედაქტორი გახლდათ გრიშა ბაიბურთის მამა - სააკაშვილის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ვან ბაიბურთი, კომპანია „აჭარა გრუპმა“ სასტუმრო „რუმსი“ (Rooms Hotel) გახსნა. გუშინ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ „აჭარა გრუპის“ ახალი სასტუმრო - „სტამბა“ (Stamba Hotel) დაათვალიერეს, რომელიც კოსტავას ქუჩაზე გამომცემლობა „სამშობლოს“ ფასადურ ნაწილშია განლაგებული.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, „მშენებლობის დამთავრების შემდეგ სასტუმროში 150 ნომერი იქნება, თანამშრომლების რაოდენობა კი 750-მდე გაიზრდება. სასტუმროში არის კაფე, სადაც სტუმრები ადგილობრივი აგროპროდუქტებისგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ. შენობა შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს, აგრეთვე - ძველ საბეჭდ დანადგარებს, რომლებიც სარემონტო სამუშაოების დროს იქნა აღმოჩენილი(!)“.

მაშ ასე, ქართველი ჟურნალისტების იმედი, რომ სამართლიანობა ახალი ხელისუფლების დროს მაინც აღდგებოდა, არ გამართლდა, თუმცა იქ ადრე მომუშავე თითოეული რედაქცია მზად იყო, ისედაც კანონიერად მათი კუთვნილი ფართობი გამოესყიდა! „დამოუკიდებელი საქართველოს“ ხელისუფლების პრიორიტეტები სხვა აღმოჩნდა, ვიდრე „ტოტალიტარულ საბჭოთა დროში“ იყო და დღეს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში კერძო სასტუმრო „სტამბა“ განლაგდა, რომლის სტუმრებმაც, არა გვგონია, ხელისუფლება გააკრიტიკონ...


დიდი
ბაიბურთობა გრძელდება!


საქინფორმი