უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის სამხედრო ძალების ქმედებას გენოციდად აფასებს

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის სამხედრო ძალების გუშინდელ ქმედებას გენოციდად აფასებს.
ერდოღანმა ისრაელს „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა მას შემდეგ, რაც გუშინ ისრაელის შენაერთებმა ღაზას საზღვართან საპროტესტო აქციის მონაწილე 55 პალესტინელი მოკლეს.
პალესტინელები იქ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ. მსხვერპლის რაოდენობით ეს 2014 წლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დღე აღმოჩნდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილების გარდა, დაშავებულია 2700 ადამიანი. მათი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, დანარჩენი კი ცრემლმდენი გაზით მოწამლული.
ერდოღანის განცხადებით, მომხდარიდან გამომდინარე, მან ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა მოიწვია. 57-წევრიანი ორგანოს შეკრება სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება.
პალესტინაში სამი დღით გლოვაა გამოცხადებული.

1tv.ge