აქტუალური
აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპაში მიმავალი გაზსადენი 12 ივნისს გაიხსნება

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. თურქეთი და აზერბაიჯანი 12 ივნისს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში მიმავალ გაზსადენს გახსნიან, რომელიც საქართველოზე გაივლის.

როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრმა ბერათ აილბარაკმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიალში თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას. მისივე განცხადებით, გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება 30 ივნისს დაიწყება.

მანამდე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში აცხადებდნენ, რომ ცერემონიალი 19 ივნისს იგეგმებოდა.

ტრანსანტოლიური გაზსადენის პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. გაზსადენით „შაჰდენიზის“ საბადოდან ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდება. მათ შორის 6 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში და 10 მილიარდი კუბური მეტრი - ევროპაში.

მოგვიანებით გაზსადენით ტრანსპორტირებული აირის მოცულობა გაიზრდება.

ტრანსანატოლიური გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე გაივლის და შეუერთდება ტრანსადრიატიკულ გაზასადენს, რომელიც ასევე არის “სამხრეთის დერეფნის” ნაწილი. ამ დერეფნით აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპა მიიღებს. დერეფნის ექსპლუატაციაში შესვლა 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.