უცხოეთი
ფაშინიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა "დაბალანსებული პოზიციისთვის" სომხეთში მღელვარების დროს

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. სოჭში მიმდინარე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომლის დროსაც ფაშინიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა "დაბალანსებული პოზიციისთვის" სომხეთში მომხდარი მღელვარების დროს და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთის "სტრატეგიული პარტნიორია". პუტინმა ფაშინიანს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები "ისევე სტაბილურად განვითარდება, როგორც აქამდე იყო". ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს და ყირგიზეთს. საბჭოს სხდომის ფარგლებში ფაშინიანი მოლაპარაკებას მართავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. 8 მაისს, როცა ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მან განაცხადა, რომ სომხეთი დარჩება რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ.

radiotavisupleba.ge