პოლიტიკა
საქართველოში „ნარკომანების რევოლუცია“ მზადდება - საქინფორმი (დასასრული)

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. (დასაწყისი წაიკითხეთ აქ)
13-დან 14 მაისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ძველი შენობის წინ დასრულდა ნარკომანების, ლგბტ-ს, ფემინისტებისა და ღამის კლუბების მფლობელთა აქცია (შემდგომ ტექსტში - აქცია), რომლის საბაბი გახდა საპოლიციო სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში, რის შედეგადაც 8 ნარკორეალიზატორი დააპატიმრეს.

თუკი აქციის პირველ დღეს პროტესტს რამდენიმე ათასი (მაქსიმუმ, 5 ათასამდე) ადამიანი გამოხატავდა, მეორე დღეს, 13 მაისს იქ დაახლოებით 200 კაცი შეგროვდა, ძირითადად, აქციის ორგანიზატორები - ნარკომანების მხარდამჭერი მოძრაობა „თეთრი ხმაური“ და მისი ლიდერი ბექა წიქარიშვილი (სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული, ბოლო გრანტი - 36 000 დოლარი).

იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის კორდონების გარღვევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა მიმდინარე მოვლენებით აღშფოთებული ათასობით თბილისელი, პატრიოტული მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ (ლიდერები - გია ჭანტურია, გიორგი გაბედავა), აგრეთვე მოძრაობა „ქართული მარშის“ რამდენიმე ლიდერი (სანდრო ბრეგაძე, რამაზ გაგნიძე, ზაზა დავითაია და სხვები), რომლებსაც პროდასავლური ტელეარხები „ულტრანაციონალისტურებს“, „შავხალათიანებს“ და „ნეონაცისტურებს“ უწოდებენ (შემდგომ ტექსტში - კონტრაქცია), აქციის ლიდერებმა თავიანთი მოთხოვნები შეცვალეს. თუკი 12 მაისს, აქციის პირველ დღეს ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, ახლა მათ პრემიერ კვირიკაშვილს მათი დასაცავი განცხადების გაკეთება მოსთხოვეს(!), ვინაიდან კონტრაქციის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ ძალის დემონსტრირება და მათთან საქმის გარკვევა, „რათა მთელი ქართველი ახალგაზრდობის სახელით არ ელაპარაკათ“. „დიდება ერს, სიკვდილი მტერს!“ - სკანდირებდნენ კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ თბილისის თითქმის მთელი პოლიციის კორდონის და შსს-ს სპეცრაზმის პირისპირ. აქციის მონაწილეებთან მისასვლელები დამატებით ავტობუსებით გადაიკეტა.

კონტრაქცია არ იშლებოდა, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებებისა, აგრეთვე იმისა, რომ პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. ისინი კონტრაქციის მონაწილეების მხარეს იყო მიმართული, რომლებმაც მჭიდროდ შემოარტყეს ალყა აქციის შეშინებულ მონაწილეებს. ამის შემდეგ ადგილზე მივიდნენ თბილისის მერი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც პარლამენტის შენობაში მოლაპარაკება გამართა აქციის ორგანიზატორ ბექა წიქარიშვილთან და „თეთრი ხმაურის“ სხვა ლიდერებთან. ამასობაში პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დააკავა კონტრაქციის რამდენიმე ათეული მონაწილე და გიორგი გაბედავა.
შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიკროფონთან გამოსულმა ბექა წიქარიშვილმა თავის მომხრეებს - აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, დარბევა დაიწყებოდა - მაგრამ არა მათი - აქციის მონაწილეების, არამედ კონტრაქციის! სანაცვლოდ, ბექა წიქარიშვილის თქმით, მინისტრი გახარია დაჰპირდა, რომ 1 - მკაცრად აგებინებს პასუხს პოლიციელებს, რომლებმაც ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, 2 - ორი კვირის განმავლობაში დაასრულებს ნარკოპოლიტიკის რეფორმას (პრაქტიკულად, ბევრი ნარკოტიკის ლეგალიზაციას და ნარკომანების მიმართ ზომების ლიბერალიზაციას). ამის შემდეგ აქციის მონაწილეებთან თავად შს მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა, რომელმაც... ბოდიში მოუხადა მათ პირადად მისი, შსს-ს და საქართველოს მთავრობის სახელით (!), და დაჰპირდა, რომ დილითვე შეხვდებოდა აქციის ორგანიზატორებს, რათა დიალოგში მათი ყველა პრეტენზია გაეთვალისწინებინა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ადგილიდან რამდენიმე ავტობუსით პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ გაიყვანეს.

მიუხედავად ამისა, კონტრაქციის მონაწილეები არ იშლებოდნენ და მათთან იძულებით გამოვიდა მინისტრი გახარია დედაქალაქის მერთან ერთად. „სირცხვილი! სირცხვილი!“ - ასეთი შეძახილებით შეხვდნენ გახარიას კონტრაქციის მონაწილეები. „თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს“, - განაცხადა გახარიამ, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეთა დარწმუნება ვერ შეძლო და იქაურობას მოსცილდა, რის შემდეგაც კონტრაქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. უხეშად იქნენ დაკავებული ასეთი შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო კონტრაქციის მონაწილეები და ჟურნალისტებიც კი.

მაგრამ, საქინფორმის პროგნოზით, რომელიც პუბლიკაციის პირველ ნაწილშია გამოთქმული, საქმე ამით არ დამთავრდება, რადგან მომხდარის მიღმა აშკარად იკვეთება ოპოზიციის და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესები, რომელიც საპროტესტო ტალღაზე საქართველოში დასაბრუნებლად და, რადაც უნდა დაუჯდეს, ახალი „ფერადი რევოლუციის“ მოსაწყობად ემზადება - თუნდაც ეს „ნარკომანების რევოლუცია“ იყოს. ეს აქცია კი მხოლოდ დაზვერვა გახლდათ.

და რა შედეგები გვაქვს უკვე დღეს?

1. მომხდარმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად ეკიდება ე.წ. „დასავლურ ღირებულებებს“ - ნარკომანიის ლეგალიზაციას, ლგბტ-ს ცხოვრების სტილის პროპაგანდას და „კლუბურ კულტურას“;

2. მომხდარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ, ქართველი ხალხის მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, დასავლეთი არავის დააჩაგვრინებს ზემოთ მითითებული „დასავლური ღირებულებების“ გამტარებლებს - საქართველოში თავის გავლენის აგენტებს, როგორებიც არიან, კერძოდ, აქციის მონაწილეები. სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინაშე ხელისუფლება ყოველთვის ბოდიშს მოიხდის და მათ ექსკლუზიურად დაიცავს ყველა ძალოვანი სტრუქტურა, რაკი საქართველოს ხელისუფლებამ - ახლანდელმაც და ყოფილმაც - ქვეყნისთვის კონსტიტუციაში დაფიქსირებული „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი“ აირჩია;

რაც შეეხება უშუალოდ შს მინისტრ გიორგი გახარიას: განათლებით არა პოლიციელმა, მან საშუალება მისცა, პოლიტიკურ თამაშში გამოეყენებინათ და ამით პოლიტიკური პერსპექტივა დაკარგა (ადრე ყველასთვის უცნობი გახარია, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერა გაიკეთა, არაერთხელ დასახელებულა ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მომავალ შესაძლო კანდიდატად). რჩევების (ან ინსტრუქციების) მორჩილად შესრულებით გახარიამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, კერძოდ:

- იმ 8 ნარკორეალიზატორის ინდივიდუალურად დაკავების ნაცვლად, რომელთა დამუშავებას შსს ჩანერგილი აგენტების და საკონტროლო შესყიდვების წყალობით ახდენდა, ის დათანხმდა ტოტალური საპოლიციო სპეცოპერაციის ჩატარებას თბილისის ღამის კლუბების დარბევით, რამაც არა მარტო ნარკოტიკებთან შეხების არმქონე მათი სტუმრების, არამედ დასავლეთის აღშფოთებაც გამოიწვია, რადგან კლუბებში უცხოელი ტურისტებიც იმყოფებოდნენ;

- სამუდამოდ ფიგურა ნონ გრატად იქცა ქართველი საზოგადოების „ელიტარული გამოსული“ პროდასავლური ნაწილისთვის - ლიბერტარიანელების, ლგბტ-ს, ფემინისტების, ბომონდის და მათი უფლებების დამცველი, დასავლურ გრანტებზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;

- აქციის ზემოაღნიშნული ორგანიზატორებისთვის ბოდიშის მოხდით და კონტრაქციის მონაწილეებთან ანგარიშის გასწორებით გახარია მიუღებელი ფიგურა გახდა საქართველოში პატრიოტული ძალებისთვის, ანუ - ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის;

- სპეცოპერაციის ჩატარებით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობის დღეს (ყრილობის შემდეგ ღამე) და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში დაბრუნებისას, გახარიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მმართველი პარტიის რეიტინგს და საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა;

- ერთ ღამეში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებით, რისი ანალოგებიც რუსთაველის გამზირს მრავლად ახსოვს, გახარიამ ნიშნის მოგების საუცხოო საბაბი მისცა უკლებლივ ყველა ოპოზიციურ ძალას და მათ მსგავსებს, როგორებიც არიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და სხვები.

გვიან ღამით რუსთაველის გამზირი, ბოლოს და ბოლოს, დაცარიელდა. მაგრამ დიდი ხნით?..

საქინფორმი
2018 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი