საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებითი მექანიზმების შემოღება იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო სხდომაზე წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღებაა. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეს ითვალისწინებს.
„მათი შემუშავების მიზეზი უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან - და ეს ზოგიერთი, სამწუხაროდ, ცოტა არ არის - არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით. ამის შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, აგრეთვე, იღებს მოკლევადიან ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე მათი მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ცვლილების საფუძველზე კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა მოხდება.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად სხვა რეგულაციებიც იცვლება.
„საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო ათი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, დღეს ეს ვადა ექვს წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა, დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის ექვსი წელი. ამასთან, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, ექვსი წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.