საქართველო ლობისტ კომპანიებს 1,5 მილიონს უხდის
2010 წელს საქართველომ გავლენიან ამერიკულ კომპანიებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის 1.5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Eurasianet.org-ი ავრცელებს. ინტერნეტგამოცემის ცნობით, ქართული მხარე აშშ-ის ხელისუფლების წინაშე თავის წარმოსაჩენად ოთხ ფირმას იყენებს, მაშინ, როცა აზერბაიჯანი და ყაზახეთი - მხოლოდ ერთს.
"ამ დროისთვის აზერბაიჯანის ერთ კომპანიას Patton Boggs-ს თვეში 35 ათას დოლარს უხდის, ყაზახეთი პიარ-ფირმა BGR-ს – 25 ათასს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მარკ საილორს წელიწადში 120 ათასს უხდიან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მოსაგვარებლად", – წერს გამოცემის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა. „ლობირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბიციური, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ გამოცდილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები", – აღნიშნავს Sunlight Foundation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ბილ ელისონი. მისივე თქმით, ამ სახელმწიფოებმა უნდა "ააშენონ" ურთიერთობა კონგრესთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და თავდაცვის სამინისტროსთან და ეს ფული ამად ნამდვილად ღირს. "ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც ღარიბი ქართველები გამოუშვან კონტაქტების სწრაფად დასამყარებლად, საქართველო ქირაობს იმ ხალხს, რომლებიც მუშაობდნენ ამა თუ იმ დაწესებულებისთვის და აქვთ კარგი ურთიერთობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე პოლიტიკურ მოთამაშეებთან ვაშინგტონში", – განაცხადა ელისონმა Eurasianet.org-თან საუბრისას.