საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თითქმის 2 თვის წინ, უფრო ზუსტად - 2018 წლის 20 მარტს საქინფორმმა გამოაქვეყნა ექსკლუზიური ანალიტიკური პუბლიკაცია „ქართული მხარისათვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის არ გადმოცემის შესაძლო მიზეზების შესახებ“, რომელიც სხვადასხვა - ოსური, რუსული და სხვა - სანდო წყაროების ინფორმაციას ეყრდნობოდა.
პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ ცხედრის გადმოცემის ერთ თვეზე გაწელილი პროცესის მიზეზები, რამაც უარყოფითად იმოქმედა რუსეთის იმიჯზე და სხვადასხვა პიარსპეკულაციის საბაბი გახდა თბილისში, ვაშინგტონში, ლონდონში, ბრიუსელსა და სტრასბურგშ, იყო წმინდად პოლიტიკური და არ უკავშირდებოდა საგულდაგულო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას.
საქინფორმის ვერსიით, რომელიც ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაშია გადმოცემული, ანატოლი ბიბილოვი მოხარული იქნებოდა, რაც შეიძლება მალე გადაეცა ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარისათვის, მაგრამ ეს ვლადისლავ სურკოვის - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კურატორის მითითებით არ გააკეთა.
„ბიბილოვი სურკოვს ჯერ კიდევ „საპრეზიდენტო“ არჩევნებიდან არ ესიმპათიურება, იმიტომ რომ სურკოვს სამხრეთ ოსეთის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე საკუთარი აზრი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ბიბილოვი სურკოვის კაცი არ იყო, მან შემდგომში ამ უკანასკნელის უკმაყოფილება იმით გამოიწვია, რომ არჩევის შემდეგ წინამორბედივით „მოსახერხებელი“ ფიგურა არ აღმოჩნდა. ლეონიდ თიბილოვის დროს ვლადისლავ სურკოვის უსაზღვრო გავლენა ანატოლი ბიბილოვმა უნებლიეთ შეზღუდა. გენერალ-ლეიტენანტმა ბიბილოვმა ადმინისტრაციაში სამხედრო ყაიდაზე წესრიგი დაამყარა, მათ შორის - რუსეთის ფინანსური დახმარების მიზნობრივი განაწილება გამჭვირვალე გახადა, რითაც სურკოვს, რომელიც გავლენის უმნიშვნელოვანეს ბერკეტს კარგავდა, დისკომფორტი შეუქმნა და თავმოყვარეობა შეულახა. ამიტომ ყველაფერი, რაც ბიბილოვის იმიჯსა და რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს, სურკოვის ინტერესებში შედის, რომელსაც, დიდი ალბათობით, ბიბილოვის სასწრაფოდ შეცვლა უნდა.
ასე მოხდა ტატუნაშვილის შემთხვევაშიც: სურკოვმა განკარგულება გასცა, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე ცხედარი ქართული მხარისთვის არ გადაეცათ, ამავე დროს კი, როგორც ზოგიერთი რუსული წყარო მოწმობს, შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რომ ბიბილოვი რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წინაშე წარმოეჩინა, როგორც „სუსტი ლიდერი, რომელიც რუსეთს პრობლემებს უქმნის და ელექტორატში პოპულარობას კარგავს“. მაგრამ საქართველოში ამ „სამზარეულოში“ ჩახედული არ იყვნენ, პროვოკაციას წამოეგნენ და ხელაღებით ყველაფერში „რუსი ოკუპანტები“ დაადანაშაულეს, რაც ასევე სურკოვის ინტერესებში შედის, რომელიც კულუარულ საუბრებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის თავად იდეის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს და ამტკიცებს, რომ საქართველო - არასაიმედო პარტნიორია“, - განაცხადა, კერძოდ, ქართულმა საინფორმაციო ანალიტიკურმა სააგენტომ საქინფორმმა ა.წ. 30 მარტის ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაში.
და აი, თითქმის ორი თვის შემდეგ, კონკრეტულად - 2018 წლის 11 მაისს მედიაჰოლდინგმა РБК-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობა, რომ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ სურკოვმა, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის მიმართულებაზე და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაადგილებების შედეგად, შესაძლოა, პოსტი დატოვოს“. ამის შესახებ РБК-ს „კრემლთან დაახლოებულმა ორმა თანამოსაუბრემ და დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოსთან (რომელსაც სურკოვი კურატორობს) დაახლოებულმა სამმა წყარომ უამბო“.
წყაროები სურკოვის შესაძლო გადადგომის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: „სტრატეგია უკრაინის მიმართულებით მთლიანობაში ჩიხში შევიდა, მინსკის შეთანხმებები არ სრულდება, რაიმე გარღვევა მოსალოდნელი არ არის“. „სურკოვს კონფლიქტები ჰქონდა სხვა უწყებებთან, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ის სხვის საქმეებში ერევა“, - РБК-ს სურკოვის შესაძლო წასვლის განსხვავებული მიზეზი დაუსახელა „კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა“ თანამოსაუბრემ.
დსთ-ს სამმართველოსთან დაახლოებული ორი წყაროს თქმით, „სურკოვის გუნდს კონფლიქტი ჰქონდა ძალოვანებთან, კერძოდ, ФСБ-ს მე-5 სამსახურთან (ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური), რომელიც პასუხისმგებელი იყო კონტრდაზვერვაზე დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე. РБК-ს წყაროების მტკიცებით, სწორედ ეს სამსახური უჭერდა მხარს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრ ლეონიდ პასეჩნიკს მის კონფლიქტში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურ იგორ პლოტნიცკისთან, რომელსაც, თავის მხრივ, სურკოვი უწევდა მხარდაჭერას“. „წყარომ კრემლში“ კი РБК-ს განუცხადა, რომ „სურკოვს, პირიქით, პლოტნიცკისთან კონფლიქტი ჰქონდა და მის გადაყენებას ცდილობდა“ (2017 წლის 24 ნოემბერს პლოტნიცკი გადადგა, ხოლო რესპუბლიკას სათავეში პასეჩნიკი ჩაუდგა).
სურკოვთან დაახლოებული ალექსეი ჩესნოკოვის - პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორის თქმით, „პრეზიდენტის თანაშემწე, როგორც ჩანს, კრემლში არ დარჩება“: „არ ვიცი, როგორ და როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საეჭვოა, ვლადისლავ იურიევიჩი დღევანდელ პოზიციაზე სამუშაოდ დარჩეს“, - აცხადებს, კერძოდ, პოლიტოლოგი.
РБК-ს ერთ-ერთი წყაროს თქმით კი, „უფრო ადრე დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოდან ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ინალ არძინბა წავიდა, რომელიც, მათ შორის, უკრაინის მიმართულებას კურატორობდა“.
РБК-ს პუბლიკაციაში სურკოვის წასვლის სხვა შესაძლო მიზეზებიც არის მითითებული (დაწვრილებით წაიკითხეთ აქ),
მაგრამ საქინფორმი კვლავ თავის ვერსიას უჭერს მხარს - რომ ცხინვალის ციხეში მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის დროულად არ გადმოცემა ვლადისლავ სურკოვის დათხოვნის ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გვევლინება. რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს დასახული „შესამჩნევი დათბობის“ გათვალისწინებით, რასაც, როგორც გრიგორი კარასინისა და მარია ზახაროვას შესაბამისი განცხადებები მეტყველებს, რუსეთი ძალიან უფრთხილდება. მოსკოვში ძალზე უკმაყოფილო დარჩნენ, რომ ვლადისლავ სურკოვის გამო ვერ შეასრულეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ექსკლუზიური თხოვნა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისადმი ტატუნაშვილის ცხედრის დროულად გადმოცემის თაობაზე. თანაც - ზედ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ...
საქინფორმი
2018 წლის 14 მაისი
საქართველო, თბილისი